top of page

მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა:
მითები და რეალობა

Bidzina_Ivanishvili_Cropped_0.jpg

იყო და არა იყო რა

               მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი.

                                                                    ზურაბ ჟვანია

             დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა - რუკაზე ფერის მოპოვებასთან ერთად, მას საერთაშორისო სისტემაში საკუთარი როლი და ადგილი უნდა განესაზღვრა. ნორმატიულ დონეზე საზოგადოების კონსესუსი მყისიერად შედგა, რადგან ანტიკური (ბერძნულ-რომაული) და ქრისტიანული (იუდეურ-ბიზანტიური) მემკვიდრეობებით ნასაზრდოები ქართული კულტურა ლოგიკურ არჩევნად, ბუნებრივია, დასავლურ მოდელს განსაზღვრავდა. შესაბამისად, ევროპული ტიპის ლიბერალური დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირება იქცა ქვეყნის გაცხადებულ მიზნად. დროთა განმავლობაში, ეს გადაითარგმნა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის დაფიქსირებაშიც. არჩეული გზა ეკლიანი აღმოჩნდა, თუმცა ქართველი ერის ეს ისტორიული არჩევანი არ გამხდარა რევიზიის საგანი და მეტიც, განმტკიცდა კონსტიტუციის 78-ე მუხლით.

რა შევუკვეთეთ, რა ჩამოვიდა

შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო, ისეთი დემოკრატია შევქმნა საქართველოში.

                                          ბიძინა ივანიშვილი

        2012 წელს ქვეყნის სათავეში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მოვიდა. მიუხედავად პოლიტიკური ოპოზიციის, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არსებული არაერთი კითხვის ნიშნისა და ლეგიტიმური კრიტიკისა, პირველი ორი ვადის განმავლობაში "ქართული ოცნება" მთლიანობაში ინარჩუნებდა საქართველოს მიერ არჩეულ კურსს. 

         სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების, შემდეგ, როცა საქართველოს ოფიციალური პოზიცია არა უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, არამედ მათგან გამიჯვნა და უკრაინის ომის თავიდან ვერაცილებაში დადანაშაულება იყო. შემდგომ წლებში სიტუაცია სინათლის სისწრაფით გაუარესდა, რის გამოც მმართველმა პარტიამ, თავისი მხარდაჭერების კონსოლიდაციის მიზნით, დაიწყო ახალი პროპაგანდისტული დისკურსის ფორმირება, რომლის განუყოფელი კომპონენტი მულტივექტორული საგარეო პოლიტიკაა.

chaplin.png

რას გულისხმობს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა? 

  მიეცით კეისარს კეისრისა.

                    მათე 22, 15-22

     ალექსანდრე რონდელი თავის ცნობილ ნაშრომში: “პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში”, აანალიზებს სუსტი სახელმწიფოების გადარჩენის სტრატეგიებს. აღიარებს რა საერთაშორისო სისტემის ანარქიულობას, შესაბამისად ძალის პრიმატს, რონდელი ასკვნის, რომ პატარა ქვეყანას არცთუ ისე ბევრი არჩევანი აქვს. უფრო ზუსტად, მან თავისი ძალის ნაკლებობა ან რომელიმე კავშირთან მიერთებით, ან რეგიონულ ჰეგემონთან მიტმასნებით, ან კიდევ მიუმხრობლობითა და ძირითადი აქტორების ინტერესების დაბალანსებით უნდა დააკომპენსიროს.

      მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის პარადიგმა ამ უკანასკნელი სტრატეგიის ერთ-ერთი ვარიანტია. ქვეყანა, რომელიც ირჩევს ამ გზას, აცხადებს, რომ ის ყველა მხარისთვის გახსნილია და სურს მრავალმხრივ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. სუსტი მხარე აღიარებს ძლიერი მოთამაშეების უპირატესობას და მათი ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებას იღებს. სანაცვლოდ, ის ძალის ცენტრებისგან მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების გარანტირებას მოელის. მიღწეული სტატუს კვოს შენარჩუნება და დაცვა კი დიდი სახელმწიფოების პასუხიმგებლობაა.     

     მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მკაფიო არტიკულაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში მოხდა, როცა ნათელი შეიქმნა, რომ აუცილებელი იყო ყოფილი მეტროპოლიისა და რეგიონში ახლად შემოსული აქტორების (უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს) ინტერესების ბალანსირება. ამ მიდგომის პიონერები ყაზახეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ნურსულთან ნაზარბაევი და ლეონიდ კუჩმა იყვნენ. 

    ცხადია, თავისთავად, განხილული სტრატეგია არ არის მიუღებელი, რადგან წარმოადგენს პრაქტიკაში შემოწმებულ და ადაპტირებულ მიდგომას, თუმცა, როგორც ცნობილია, არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელიც ყველა ქვეყნის საჭიროებებს მოერგება. ამდენად, საკითხავი ისაა ჯდება კი მულტივექტორული პოლიტიკა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში? უფრო მეტიც, აქვს კი საქართველოს რეალური მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის ქონის ფუფუნება?

shevardnadze.jpg

მულტივექტორული პოლიტიკა ქართულად ანუ საიდან ამოდის საქართველოსთვის მზე?

        ავტორიტარიზმისკენ გადახრისა და დემოკრატიული უკუსვლის, შესაბამისად დასავლურ სამყაროსთან გაუცხოების, შემდეგ "ქართული ოცნება" შეუდგა ახალ რეალობასთან თავისი ამმომრჩევლის ადაპტირებას. ამ მიზნით მათ შექმნეს მრავალშრიანი პროპაგანდისტული ნარატივი, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის სისწორეში უნდა დაერწმუნებინა. მათი დისკურსი შემდეგნაირად შეიძლება ფორმულირდეს: არსებობს ორი დასავლეთი, ისევე როგორც ორი რუსეთი - ერთი კარგი, მეორე კი ცუდი, რომელსაც გლობალური ომის პარტია, "დიფ სთეითი" ან კიდევ მასონები (გემოვნების ამბავია, როგორც ბრძენი კაცი იტყოდა, ვისაც რა უნდა ის დაუძახოს) მართავენ და საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას აძალებდნენ. "ქართული ოცნება" კი, როგორც ერთადერთი ეროვნული ძალა, ამას არ დათანხმდა და ახლა სწორედ ამიტომ ისჯება.          

       მიუხედავად ამისა, საქართველო აგრძელებს დასავლეთისკენ სვლას, რადგან ეს მისი ისტორიული არჩევანია, მაგრამ ამას აკეთებს მხოლოდ ღირსებით და ორ ფეხზე დგომით. შესაბამისად, ის ევროკავშირის წევრი მხოლოდ მაშინ გახდება, როცა კარგი ევროპა (ორბანისა და ფიცოს ევროპა) დაამარცხებს ბრიუსელელ ბიუროკრატებს. მანამდე კი საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა უბიძგებს გაატაროს პრაგმატული პოლიტიკა, რაც გულისხმობს ურთიერთობების ნორმალიზაციას რუსეთთან, დაახლოებას ჩინეთთან და ირანთან. ამდენად, მონოვექტორულობის მულტივექტორულობით ჩანაცვლებას.

        პროპაგანდის ტირაჟირება ხდება სამთავრობო სპიკერების, სამთავრობო მედიებისა, გონგოების, ფეისბუქ ჯგუფებისა და გვერდების, პოლიტიკური პარტიებისა და ყველა შესაძლო სხვა არხის მეშვეობით. მაგალითად, თემის წინ წამოწევასთან ერთად იმ დროისთვის ივანიშვილთან დაახლოებული პირის ვიქტორ ყიფიანის ანალიტიკურმა ცენტრმა “ჯეოქეისი” არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა საკითხის პოპულარიზაციას. ასევე, სამთავრობო სპიკერებმა ვატო შაქარაშვილმა, ნანა კაკაბაძემ, ბიძინა გიორგობიანმა, გელა ნიკოლაიშვილმა და ლევან ნიკოლეიშვილმა დააფუძნეს პროპაგანდის პათოსით გაჟღენთილი საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”. ზაზა შათირიშვილი თემატური ეპისტოლეებით აძლიერებს ფორმირებულ ნარატივს. ტელეკომპანია “იმედი” რეგულარულად იწვევს შესაბამის რესპონდენტებს და სხვა. 

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - პროპაგანდის დეკონსტრუქცია

  ნამუსზე ხელს რომ აიღებ, მერე მიდის კარაქიანი პურივით.

                                                                  ალეკო ელისაშვილი

  • არჩევანი უნდა გაკეთდეს! 
    ან მულტივექტორულობა ან დასავლური ინტეგრაცია!

    ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა!

  • გეოპოლიტიკური სიტუაცია
    არ ტოვებს რეალურ სივრცეს მულტივექტორულობისთვის.
    სხვა სიტყვებით, დასავლეთზე უარის თქმა ავტომატურად ნიშნავს

    "რუსკი მირის" ნაწილად ქცევას.

  • მულტივექტორულ პოლიტიკაში თავისთავად ცუდი არაფერია ნორმალური პირობების არსებობის შემთხვევაში.

  • ქართულ რეალობაში კი მულტივექტორულ პოლიტიკაზე აქცენტის გაკეთება მარტივი სოფისტიკაა, რომლის ერთადერთი მიზანი აშკარა ჩრდილოური კურსის ლამაზი სახელით შენიღბვაა.

  • მულტივექტორული პოლიტიკა ვერ იქნება ანალიზის საფუძველი, რადგან უბრალოდ არ გვაქვს. 

  • ეს ასეა, რადგან რომ დავაკვირდეთ ვისთან აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აქტიური დიპლომატიური ურთიერთობა? ორბანთან, აზერბაიჯანთან და შიგადაშიგ ემირატებთან!

  • რეალურად, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ პოპულიზმთან.

      ამდენად, დარგის სპეციალისტების შეფასებების მიხედვითაც, მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის დისკურსი მხოლოდ ფასადია, რომელიც განკუთვნილია შიდა მოხმარებისთვის, “ოცნების” მხარდამჭერების დასამშვიდებლად. რეალურად, ისინი არათუ მულტივექტორულ პოლიტიკას, არამედ ზოგადად აქტიურ საგარეო პოლიტიკასაც ვერ ატარებენ, რადგან დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში იმყოფებიან. ამის გამო, პრაქტიკულად, ხდება არა დასავლური ვექტორის სხვა ვექტორებით გამრავალფეროვნება, არამედ ჩრდილოურით ჩანაცვლება. სწორედ, ამ მოცემულობის გამო უწევს "ქართულ ოცნებას" აქტიური პროპაგანდის წარმოება. კერძოდ, არსებობს ორი ძირითადი მიზეზი: 1) ნორმატიულ დონეზე დასავლური კურსის გაბატონებული მდგომარეობა საზოგადოების უდიდეს ნაწილში, 2) რუსეთის, როგორც დამპყრობლის, მიუღებლობა (აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მოუშუშებელი ჭრილობები). პროპაგანდა ამ ფუნდამენტური მოცემულობების ნიველირებაზეა ორიენტირებული: "ოცნებას" სურს, ქართველების აღქმაში დასავლეთსა და რუსეთს შორის ზღვარი წაშალოს.

   მიუხედავად აღნიშნულისა, როგორც გამოჩნდა, პროპაგანდა შინაგანი წინააღმდეგობებითაა სავსე და ლოგიკური ანალიზის შემთხვევაში ადვილად ვლინდება მისი სიცრუე. ასევე, პროპაგანდას ხელს უშლის ფაქტობრივი კონიუნქტურაც - ვითომ, მულტივექტორული, პრაგმატული პოლიტიკის მქონე "ქართული ოცნება" არათუ მსოფლიოს წამყვან ძალის ცენტრებთან ალაგებს სიტუაციას, არამედ უშუალო სამეზობლოშიც კი თამაშგარე მდგომარეობაშია. მაგალითად,თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებული უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ახალ რეალობას ქმნის, საქართველოს გვერდის ავლით მიმდინარეობს.

მოკლედ:

მულტივექტორული პოლიტიკა

მხოლოდ პროპაგანდისტული ნარატივია!

"ქართული ოცნება" პრაქტიკაში ვერ უზრუნველყოფს

ე.წ. "პრაგმატული" პოლიტიკის გატარებას!

დისკურსსა და რეალობას შორის არსებული უფსკრული

აზარალებს საქართველოს  ინტერესებს!

რუსეთისთვის საქართველო ახლა გაცილებით უფრო მოწყვლადია!

რა გავაკეთოთ?

ინფორმაცია მუდმივად გადავამოწმოთ!

არ შევეგუოთ მითებსა და ტყუილებს!

პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ფაქტები!

წარმოვაჩინოთ არჩეული კურსის არსებითი არამართებულობა!

მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ფართო მასებამდე,

რომლებიც ყველაზე დაუცველები არიან!

30 ივლისი, 2025

ლევან დათიაშვილი

ლევან დათიაშვილი
 

30 ივლისი, 2025 წელი

bottom of page